ოლესია (ლესია) თავაძე.   (დ. 1944 წ. 17 იანვ., თბილისი). მამა პიმენ თავაძე – ბიოლოგი იყო, დედა ალექსანდრა კოსტიურინა–თავაძე მხატვარი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდგომ – 1963 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (შუალედში, ორი წელი მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში) – ფერწერის, წიგნის გრაფიკისა და თეატრალური მხატვრობის სახელოსნოებში. სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1970 წელს (სადიპლომო ნამუშევარი – “საცირკო წარმოდგენის გაფორმება”). იმავე წელს საიუბილეო კოსტიუმების ესკიზები გაამზადა საქართველოს საცირკო დასისთვის. შემდგომ 1973–75 წწ.–ში მუშაობდა მთავარ მხატვრად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1978–79 წწ.–ში – მთავარ მხატვრად თბილისის მინიატიურების თეატრში, ჟურნალ Литературная Грузия-ს მთავარ მხატვრად (1996–2006), მხატვრად თეატრისა და კინოს მუზეუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოსტიუმების ისტორიის კურსის მიწვეულ ლექტორად.

არაერთგზის იმყოფებდოა მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ ხანგრძლივ შემოქმედებით მივლინებებში:

გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი თბილისისა და ბათუმის თეატრებში.

მუშაობს დაზგურ ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაში, შესრულებული აქვს მრავალი სადიდო და საბავშვო წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია (მათ შორის ილუსტრირებული აქვს შექსპირის პიესები “მეფე ჯონი” და “სიყვარულის ამაო გარჯა” – შექსპირის თხზულებათა I ტომი, თბ., 1986). ავტორია არაერთი ხელნაკეთი თოჯინისა და კოსტიუმის. მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში და ინახება მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში. ლაურეატია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სამხატვრო კონკურსისა (2001). ავტორია არაერთი ხელოვნებათმცოდნეობითი სტატიისა და რეცენზიის, აგრეთვე საბავშვო წიგნის “Bursunsul and Paskualina”, რომელიც 2007 წ. პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” (ნიუ–იორკი – ამსტერდამი) და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე.  ქართულ ენაზე გამოცემული პირველი წიგნი იყო პროზაული მინიატიურების კრებული – “სევდიანი ჩანაწერები” (2011). ამავე წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშვო წიგნების მეორე ფესტივალზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციების (“პასკუალინა და ბუსუნსულა”) და როგორც საუკეთესო საბავშვო წიგნის (“პატარა მაწანწალა”) ავტორმა.